ENG

მიწისქვეშა ნაგებობის ”ზღვრულ მდგომარეობებზე გაანგარიშების” მეთოდების და კომპუტერული პროგრამების შექმნა

 

სამეცნიერო მიმართულების მიზანია შეიქმნას ოპტიმალური დაპროექტების მეთოდები და შესაბამისი კომპუტერული პროგრამები მიწისქვეშა ნაგებობებისათვის, რომლებშიც შეიძლება განთავსდეს და ტექნიკურ-ეკონომიკურად და ეკოლოგიურად ეფექტურად იფუნქციონიროს: სამთო, სატრანსპორტო, ჰიდროტექნიკური, კომუნალური და სხვა დანიშნულების ობიექტებმა, მიწისქვეშა ენერგეტიკულმა (მათ შორის ატომურმა) სადგურებმა, რადიოაქტიკური და ტოქსიკური  მასალების და ნარჩენების საწყობებმა.

კავკასიის და საქართველოს ბუნებრივი პირობები საშუალებას იძლევა გამოყენებული იქნას მნიშვნელოვანი რესურსი – მიწისქვეშა სივრცეები: როგორც ხელსაყრელ საინჟინერო-გეოლოგიურ პირობებში სპეციალურად შექმნილი ნაგებობები, ისე კონვერსიული თვალსაზრისით რეკონსტრუირებული ბუნებრივი და ტექნოგენური წარმოშობის მიწისქვეშა სიცარიელეები.

სტრუქტურული მდგრადობის შეფასება მიწისქვეშა სივრცეებისა, რომლებიც ექვემდებარება სტატიკური, კვაზისტატიკური და დინამიკური ბუნებრივი (სეისმური) და ხელოვნური (ტექნოლოგიური თუ სხვა აფეთქებები) დატვირთვების ზემოქმებებას, რთული და აქტუალური  პრობლემაა. შესაბამისად, ასევე რთული და აქტუალურია მათი საექსპლოატაციო პირობების უზრუნველყოფა, მშენებლობის ვადების და ღირებულების შემცირება მრავალფაქტორულ სამთო-ტექნიკურ პირობებში.

ამ პრობლემების გადასაწყვეტად შეიქმნება და განვითარდება გაანგარიშების ორიგინალური ანალიზური აპარატი. მის საფუძველზე დამუშავებული ალგორითმები და თანამედროვე პროგრამულ ენაზე შექმნილი კომპუტერული პროგრამები  მოგვცემს მიწისქვეშა გამონამუშევრის ფორმა-ზომების და კონსტრუქციული გადაწყვეტის ვარიანტების ურთიერთშედარების და ოპტიმალურის ამორჩევის საშუალებას საექსპლოატაციო მოთხოვნების და ეკონომიურობის თვალსაზრისით; მათ ბაზაზე შექმნილი გაანგარიშების მეთოდებს და კომპუტერულ პროგრამებს შეეძლებათ კონკურენცია გაუწიონ დღეს მსოფლიოში არსებულ  პროტოტიპებს: „Unwedge“, „Tunnel Assistant“, „Phase2“, „Rocksupport“,“ Geo5“ და სხვა და ტექნიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით უფრო სრულად და ეფექტურად უზრუნველყონ ობიექტის მიმართ წაყენებული მოთხოვნები მისი საძიებო-საპროექტო და მშენებლობის ეტაპებზე.

ხსენებული ანალიზური აპარატი სასარგებლო იქნება აგრეთვე ე.წ. შებრუნებული ამოცანების გადაწყვეტისთვის, როცა განისაზღვრება ან მოწმდება ქანის ხელუხლებელი მასივის დაძაბული მდგომარეობის პარამეტრები და ფიზიკურ-მექანიკური თვისებები მშენებარე ობიექტზე ჩატარებული კონვერგომეტრული გაზომვების საშუალებით.

ზემოთ აღწერილი პრობლემატიკა გ.წულუკიძის სამთო ინსტიტუტის ერთერთი მთავარი სამეცნიერო მიმართულებაა. ბოლო წლების განმავლობაში დამუშავებულია საექსპლოატაციო პირობების ზღვრულ მდგომარეობებზე მიწისქვეშა ნაგებობების გაანგარიშების თეორიული საფუძვლები. დამუშავებულია ტურბობეისიკის ენაზე დაწერილი წინასწარი, სქემატური სახის სადემონსტრაციო პროგრამა CAE DEMO, რომელიც ზოგად წარმოდგენას იძლევა შესაქმნელად გათვალისწინებული გაანგარიშების მეთოდის იდეოლოგიაზე და მის განსხვავებაზე არსებული პროტოტიპებისაგან.

 

 

სადემონსტრაციო პროგრამის მისაღებად მოგვწერეთ მისამართზე

levan@grdf.ge